Sunday, July 12, 2015

                                 კაფეს ფანჯრიდან

              მოიისფრო ნაცრისფერი ბინდი...
              თითქოს ჩანხარ ამაყი და მშვიდი.
              ამ ბინდის და იმ ნისლების იქით
              იდუმალი და უცნობი ფიქრი.
     
             ვინ გაიგებს, რაა კარის უკან.
              ლუდს სვამენ და თავის დარდზე სწუხან.
              მართალი ხარ, უცნაური თუ ხარ-
              სულში გათოვს, თუმც უზიხარ ბუხარს,
              ფოთოლიც კი არსად შერჩა მუხას-
              გაატანა, გაატანა სულ ქარს.



                                     ***

          როგორ მომბეზრდა-წასულს, მოსულს ვუქნიო თავი!
          არ ვარ კეთილი, გაიგონეთ, ავი ვარ, ავი!
          აღარვის მინდა ტაშს ვუკრავდე, ვუკმევდე გუნდრუკს!
          რა საზიზღარი ხმა ჰქონია სხვის დაკრულ დუდუკს!

                                      ***
         ღმერთო, მაპატიე, რადგან ვერ ვლოცულობ
         შენ რომ გეკადრება, ისე.
         როცა ძლიერ მტკივა, მაშინ შენთანა ვარ
         და სულს სასოებით მივსებ.

         როცა მიხარია, თითქოს ჩუმად მიხმობ,
         მაშინაც მოვრბივარ შენკენ.
         ასე აღტაცებით მადლი შემოგწირო,
         ნეტავ კიდევ შევძლო ბევრჯერ.


                                   ***

        ფიქრია ერქვა ბებიაჩემს და მართლაც იყო
        ფიქრის ქალი და სიბრძნის ქალი,სულით ლამაზი.
        რამ დამავიწყოს ის სინაზე და გულის სითბო,
       ასი გავიდეს წელიწადი, თუნდაც ათასი.

       ხეირიანი წერა-კითხვაც კი არ იცოდა,
       მაგრამ ზღაპრები?..ვწუხვარ, რატომ არ ჩავიწერე.
       ყველას მამიდა ის იყო და ყველას ბიცოლა,
       დედაც, ბებიაც...მოერია მაინც სიბერე.

       ისე წავიდა, ხმაც არასდროს აუწევია,
       თუმცა მრავალჯერ მასაც სცემდა ბედი მუხთალი.
       მწვანეთვალება, საყვარელი ჩემი ბებია...
      ეს ყველაფერი სიცოცხლეში,ნეტა, ვუთხარი?